„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილი მხდალია.
„სამწუხაროა, რომ საქართველოში მამაკაცებს არ ჰყოფნით გამბედაობა, თავიანთ გადაწყვეტილებებზე თავად აგონ პასუხი და სხვას არ გადააბრალონ მათი სისუსტე და სიმხდალე", - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ის პირადად დაინტერესდა იმით, რა გზებით აპირებდა ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოსვლას, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.
„ლევან გაჩეჩილაძეს და სოზარ სუბარს ვკითხე. მათ მითხრეს, რომ თავად არ იციან ოქრუაშვილის გეგმების შესახებ არაფერი. ჩემი შეკითხვა იყო ერთადერთი- როგორ აპირებს ოქრუაშვილი ჩამოსვლას, მშვიდობიანად როგორც პოლიტიკოსი, თუ აპირებს ცხინვალიდან ან საიდანღაც შემოსვლას და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებასაც. "მაესტროში" მან განაცხადა, რომ ყველა მეთოდით აპირებს ბრძოლას. საქართველოში არ აღმოჩნდება არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელიც იტყვის. რომ ეს კითხვები არ უნდა დამესვა",-განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა პარტიამ" 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი აქცია გააუქმა და "სახალხო კრებას" მოქმედების თავისუფლება მისცა. აღნიშნულის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც პირობას დებდა, რომ 25 მაისს ქართველ ხალხთან ერთად დადგებოდა, სამშობლოში აღარ ჩამოვა.