"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია თავისი ქმედებებით ხელს პოლიტიკურად სასიკვდილო განაჩენს აწერს. "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის, ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები საბოლოო ჯამში მათ პოზიციებზე დადებითად არ აისახება.
"გასაგებია, რომ ოქრუაშვილმა, როცა დაანონსა ჩამოვლა მას სურდა ხალხში მოლოდინი გაეჩინა, რადგან შესაძლებელი იყო ადამიანები ქუჩაში იმიტომ გამოსულიყვნენ, რომ მათ აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილი დახვდებოდათ. თუმცა, ამ გადაწვეტილების შემდეგ დარწმუნებული ვარ, ისინიც კი ვინც აქციებზე დადიოდნენ თავს შეიკავებდნენ მომავლაში აქციაზე გამოსვლისგან, რადგან ეს მათთვის იმიჯის შემლახველი იქნება", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე შეფასებით, გაუგებარია "სახალხო კრება" და "ქართული პარტია" რატომ დავობენ რევოლუციის ავტორობაზე, რადგან ამ მოძრაობებს ცალ-ცალკე არ აქვთ საკმარისი რესურსი მის მოსაწყობად.
"მართალია რევოლუციის მოწყობა მათი ერთად დგომის შემთხვევაშიც ბევრ კითხვის ნიშანთან არის დაკავშირებული, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ცალ-ცალკე ეს რესურსი მათ არ აქვთ", - აღნიშნავს "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი.
აღნიშნულიდან გამომდინარეს კი, ვეფხვაძეს რადიკალურ ძალებს შორის შეუთანხმებლობა უცნაურად ეჩვენება და აცხადებს, რომ პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით, ისინი იმ საციცოცხლო არტერიას იჭრიან, რომლითაც იკვებებიან, როგორც პოლიტიკოსები.
"ეს ძალები პრაქტიკულად ამით ხელს აწერენ პოლიტიკურად სასიკვდილო განაჩენს", - მიაჩნია ვიცე-სპიკერს.