„ქართული პარტიის" თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, 25 მაისს, ორი აქცია, ორ სხვადასხვა ადგილზე, საზოგადოებას დააბნევდა.
„ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ 25 მაისს "სახალხო კრება" თავისუფლების მოედანზე გამართავდა აქციას, ამასთან როგორც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ისე, "სახალხო კრების" წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ გარკვეული ეჭვები აქვთ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად ორი აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტანთ, ამიტომ, მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება", - განაცხადა სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, "განსაკუთრებით მძიმე იყო ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, მაგრამ ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა და ის იძულებული გახდა, დამორჩილებოდა პარტიის პოზიციას".
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა პარტიამ" 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი აქცია გააუქმა და "სახალხო კრებას" მოქმედების თავისუფლება მისცა. აღნიშნულის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც პირობას დებდა, რომ 25 მაისს ქართველ ხალხთან ერთად დადგებოდა, სამშობლოში აღარ ჩამოვა.