„სახალხო კრება" „ქართული პარტიის" გადაწყვეტილებით „გაკვირვებულია", თუმცა აცხადებენ, რომ ეს მათთვის ტრაგედია არ არის.
„მოულოდნელი იყო „ქართული პარტიის" და ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილება და ცოტა გაკვირვებულნი ვართ, მაგრამ ეს ჩემთვის ტრაგედია არ არის. ჩვენს გეგმებში ამით არაფერი იცვლება", - განუცხადა ჟურნალისტებს კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა.
რაც შეეხება „ქართული პარტიის" ლიდერების ბრალდებას, რომ მათ გეგმები სწორედ იმის გამო შეცვალეს, რომ „სახალხო კრებამ" მათთან კოორდინირებული მუშაობა არ ისურვა, ბათიაშვილს ეს სასაცილოდ ეჩვენება და აცხადებს, რომ მათ არ უნდა დაბრალდეთ ის, რომ ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლის თავი არ ჰქონდა.
„გვეცინება ჩვენც და ალბათ თქვენც. თუ ოქრუაშვილს ჩამოსვლის თავი არ აქვს და საფრთხეებს ხედავს, ჩვენ ნუ გვაბრალებენ. არ შეიძლება ასეთი რამ. სასირცხვილოც არის და არასერიოზულიც", - განმარტა ბათიაშვილმა.
ამასთან, ის იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, „ქართული პარტიის" ლიდერები კრების მიერ ორგანიზებულ აქციებზე ისევ მივლენ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 25 მაისს საქართველოში აღარ ჩამოვა.ამის შესახებ საგანგებო განცხადება პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. „ქართული პარტია" აღნიშნულის მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ „სახალხო კრებამ" მათთან ერთობლივად მოქმედებაზე უარი განაცხადა. „ჩვენ ვხსნით 25 მაისს დაგეგმილ ჩვენს აქციას, რომელიც აღარ გაიმართება და „სახალხო კრებას" ვაძლევთ მოქმედების სრულ თავისუფლებას. ჩვენ დავაკვირდებით, რას იზამს დამოუკიდებლად ბურჯანაძე", - აცხადებენ პარტიაში.