საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრ გიორგი ბარამიძის ვარაუდით, თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორ ძალებს „გათვლა რუსეთის საოკუპაციო ჯარებზე აქვთ გაკეთებული".
„მათ კარგად იციან, რომ პრაქტიკურად, შანსი არ აქვთ არჩევნებზე სერიოზულ წარმატებას მიაღწიონ და საერთოდ მოხვდნენ პარლამენტში (რადგან ბარიერი 5 %-იანია, გამოკითხვებით კი, ბურჯანაძეს 3 %-იანი მხრადაჭერა აქვს). ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. ამისთვის ისინი დაუკავშირდნენ რუსეთის ხელისუფლებას, კრემლის ლიდერებს და მოქმედებენ მათი გეგმის მიხედვით. ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყანაში არ არის ის ატმოსფერო, რომ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ამიტომაც არეულობის გზით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა და როგორც ჩანს, გათვლა რუსეთის საოკუპაციო ჯარებზე აქვთ გაკეთებული - მისი მეშვეობით შესძლონ ამბოხის პროვოცირება და იმიტაცია ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებისა, რასაც, ალბათ, შემდგომ, რუსეთი თავის „მეგობრულ" მხარდაჭერას აღმოუჩენს", - აცხადებს გიორგი ბარამიძე რადიო „თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
რაც შეეხება აქციის პირველ ღამეს, მომიტინგეებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს შორის შეტაკებას, რა დროსაც ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ბარამიძის შეფასებით, ხელისუფლება ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო.
„როცა ტელევიზიის დარბევას, ტელევიზიის შენობაში შესვლას შეეცდები, ხელისუფლება ვალდებულია მასზე რეაგირება მოახდინოს. ბუნებრივია, როგორ ქმედებებსაც ექნება ადგილი, მას ადექვატური ნაბიჯები მოჰყვება ხელისუფლების მხრიდან. ეს ნორმალურია. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ, ერთის მხრივ, თქვას, რომ საქართველოში თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვთ და მეორეს მხრივ, აურიოს ქვეყანაში ვითარება, კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს და ეს ყველაფერი დარჩეს დაუსჯელი", - განმარტავს ვიცე-პრემიერი.