26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის წინ სცენის მონტაჟი დაიწყო.
ადგილზე შესაბამისი ტექნიკა და მუშების ჯგუფია მობილიზებული. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთმა მუშამ განუცხადა, სცენის მონტაჟი დღესვე დასრულდება.
სამხედრო აღლუმში, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს გაიმართება, შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად სახმელეთო და საჰაერო ტექნიკაც იქნება ჩართული.
ღონისძიებაში ანსამბლი "სუხიშვილებიც" მიიღებს მონაწილეობას. საბრძოლო შინაარსის ცეკვას "ხორუმი" ისინი სამხედრო ფორმებში შეასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ოპოზიცია ხელისუფლებას აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობის გადახედვისკენ მოუწოდებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ 26 მაისს დაგეგმილი აღლუმი არ გადაიდება და ხელისუფლება მის ჩატარებაზე უარის თქმას არ აპირებს.