24-25 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მასპინძლობს ლიტერატურულ ფორუმ-დიალოგს გამომცემლების, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის. ფორუმ-დიალოგს 24 მაისს 11:00 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა გახსნის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას წინ უძღვის ამ ტიპის მასშტაბური ღონისძიება. ფორუმ-დიალოგის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ლიტერატურის გატანას საზღვარგარეთ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება როგორც პრეზენტაციები და დისკუსიები საგამომცემლო და ლიტერატურულ სფეროში, ასევე ცნობილი თანამედროვე ქართველი ავტორების მიერ თავიანთი ნაწარმოებების ფრაგმენტების საჯარო კითხვა, რომელთა ნაწარმოებებიც არაერთ უცხოურ ენაზე ითარგმნება. ფორუმში ქართველი გამომცემლების, მწერლების და მთარგმნელების გარდა მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი გამომცემლები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი, საფრანგეთი).
ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოს და შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით.