ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახური საინფორმაციო კვირეულს განაგრძობს. 24 მაისს, 12:00 საათზე, გურჯაანის მუსიკის სკოლაში შედგება შეხვედრა კახეთის რეგიონის იმ მოსახლეობასთან, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით არიან დაზღვეულები.
200-მდე სოციალუირად დაუცველი მოქალაქე და პედაგოგი მიიღებს სრულ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანიებთან საკუთარი უფლებებისა და კუთვნილი მომსახურების შესახებ. მედიაციის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნობიან მოქალაქეების პრობლემებს.
მოსახლეობას დაურიგდება ბუკლეტები მათთვის საჭირო ინფორმაციითა და ცხელი ხაზის ნომრით.
კახეთის მოსახლეობას მედიაციის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს მდივანი გურამ კერესელიძე, აღმასრულებელი დირექტორი კახა ხელაძე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი, ასევე რწმუნებულის მოადგილე შეხვდებიან.
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის საინფორმაციო კვირეულმა სტარტი 20 მაისს რუსთავში აიღო და კახეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გორში გაგრძელდება, მოგვიანებით კი მთელს ქვეყანას მოიცავს.
მედიაციის სამსახური ცოტა ხნის წინ შეიქმნდა და მისი ამოცანა იმ მოქალაქეების უფლებების დაცვაა, რომლებიც სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით არიან დაზღვეულები. სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში არ ჰქონდათ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ და შესაბამისად ვერ იღებდნენ სრულყოფილ მომსახურებას სადაზღვევო კომპანიებისა და კლინიკებისგან. პრობლემების გადაჭრაში მათ უკვე მედიაციის სამსახური ეხმარება.
მედიაციის სამსახურს აქვს ცხელი ხაზი 555115, სადაც სახელმწიფოს პროგრამით დაზღვეულ მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ მიიღონ საინტერესო ინფორმაცია.