კრიზისების ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორ ლორენს შითსის აზრით, ჯავახეთის მცხოვრებთაგან ბევრი თავს საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ ვერ გრძნობს.
"ჯავახეთის მრავალი მცხოვრები თავს საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ ვერ გრძნობს. დიალოგი ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან მეტად მნიშვნელოვანია, ხოლო მოქნილი ენობრივი სტრატეგია, გამიზნული ეკონომიკური პროექტები და დანარჩენ ქვეყანასთან ჩართულობის წახალისება საქართველოს დაეხმარება იმის ცხადყოფაში, რომ ის რჩება მრავალეთნიკურ ქვეყნად, სადაც უმცირესობებს მიესალმებიან", - აცხადებს ის.
მისი განმარტებით, რეგიონში 95 000 უმეტესწილად სომხურენოვანი ადამიანი ირიცხება, ხოლო სომხეთზე მისი კულტურული, ეკონომიკური და ზოგჯერ პოლიტიკური დამოკიდებულების შედეგად ის უფრო დაუცველი ხდება გარე ჩარევისაგან.
"თუმცა ერევანი ახლახან რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის პროცესში სტაბილიზატორის როლში გამოვიდა. საქართველო ასევე შეშფოთებულია მოსკოვის გავლენის გამო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რეგიონში განთავსებული იყო რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც მხოლოდ 2007 წელს დაიხურა. 2008 წლის ომმა თბილისის კვლავ გაუჩინა რუსეთის მხრიდან ამ რეგიონის ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით გამოყენების შესაძლებლობის შიში, თუმცა ეს პერსპექტივა მოცემულ მომენტში ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ ეკონომიკური თუ სოციალური ტიპის უკმაყოფილება არ იყოს აღქმული, როგორც ეთნიკური შევიწროვება, თბილისმა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მისი სტრატეგიების შესახებ სომხურ ენაზე და მოაწყოს საჯარო განხილვები ინტეგრაციის, ენისა და ადამიანის უფლებების თემებზე. მან ასევე უნდა გამოყოს გრძელვადიანი საბიუჯეტო რესურსები ისეთი საგანმანათლებლო პროექტების მხარდასაჭერად, როგორიცაა მრავალენოვანი სკოლები, და უმცირესობისათვის აწარმოოს ამჟამინდელი ენობრივი და საგანმანათლებლო პრაქტიკის კოდიფიკაცია ეროვნულ კანონმდებლობაში. დაბოლოს, მან ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს ადგილობრივი ბიზნესებისათვის შეზღუდვებისაგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად, რათა ჯავახეთის ეკონომიკა აყვანილ იქნას ეროვნულ დონეზე", - მიიჩნევს ლორენს შითსი.
ამასთან, კრიზისების ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორის თქმით, სომხურმა ოპოზიციებმა, ნაციონალისტურმა ჯგუფებმა და მედიასაშუალებებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ ჯავახეთის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენს და თავი შეიკავონ მგრძნობიარე საკითხების ზედმეტად პოლიტიზირებისაგან.
"საქართველოსა და სომხეთში სენსაციებზე გამიზნული მედიაგაშუქება და საეჭვო პოლიტიკური განცხადებები ჯავახეთში არასტაბილურობისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის რისკს ქმნის. ჯავახეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში სტაბილურობის განსამტკიცებლად საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა უნდა განაგრძონ თანამშრომლობა თბილისთან დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, კანონის უზენაესობასა და თავისუფალი მედიისთვის", - დასძენს ის.
აღნიშნულ საკითხზე კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა ანგარიშიც, სახელწოდებით "საქართველო: ჯავახეთის რეგიონის ინტეგრაციის გამოწვევები" მოამზადა, რომელშიც დეტალურადაა საუბარი, რა წარმატებას მიაღწია თბილისმა ამ რეგიონში პრობლემის მოგვარებაში.