"სახალხო კრების" მორიგ ულტიმატუმთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს.
"მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა ოპოზიციური ძალების მხრიდან, დაადანაშაულონ საზოგადოებრივი მაუწყებელი არაობიექტურობასა და ტენდენციურობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აპირებს გახდეს რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების მანიპულირების ობიექტი, მით უმეტეს, რომ ასეთი ბრალდებები არ არის გამყარებული რაიმე კონკრეტული და დასაბუთებული არგუმენტებით", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით ოპოზიციის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, მიიღონ მონაწილეობა და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია პირველ არხზე მოქმედ 5 პოლიტიკურ თოქშოუში.
"საპროტესტო აქციების მოთხოვნები ყოველდღიურად შუქდება საინფორმაციო გამოშვებებში, ხოლო მაუწყებლის მეორე არხი უკომენტაროდ, პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადასცემს საპროტესტო აქციებს და ყველა ოპოზიციური პარტიის აქტივობებს. საპროტესტო აქციების პირველივე დღეს მოამბის ღია ეთერში ერთსაათიანი საინფორმაციო გამოშვების მსვლელობისას სახალხო კრების ლიდერებს მხარდამჭერებისთვის მიმართვის საშუალება ხუთჯერ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ლიდერების ერთი ნაწილი კმაყოფილი დარჩა და ღიად გამოუცხადა მაუწყებელს მადლობა, საპროტესტო აქციების მსვლელობისას სახალხო კრების მოთხოვნები სხვადასხა პოლიტიკური ლიდერის ინტერესების მიხედვით იცვლებოდა, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ჟურნალისტებთან ინტერვიუში მათ ვერ დააკონკრეტეს თავიანთი პრეტენზიები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, 22 მაისს, გადაცემაში "აქცენტები" ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს 40 წუთის განმავლობაში საშუალება ჰქონდა კითხვა-პასუხის რეჟიმში ესაუბრა საპროტესტო აქციის მიზნებსა და ოპოზიციის მოთხოვნებზე, თუმცა "მან ვერ შეძლო დაესაბუთებინა თავისი პრეტენზია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ".
"მეტიც, მან განაცხადა, რომ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მეტყველებს, თუ როგორ არ შუქდება მათი მხარდამჭერების დევნის და დისკრიმინაციის ფაქტები გადაცემულია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და ჟურნალისტებს ურჩია ამ ფაქტების გამოსაძიებლად მიემართათ ამ ორგანიზაციებისთვის", - აცხადებს არხის ხელმძღვანელობა.
განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანია შექმნას და საზოგადოებისთვის მისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის ტელე და რადიოპროგრამები, რომელიც თავისუფალი იქნება, როგორც მიმდინარე პოლიტიკური, ისე სხვა რაიმე ინტერესების ზეწოლისგან".
"ჩვენი მთავარი პრინციპები - დამოუკიდებლობა, მიუკრეძოებლობა და კეთილსინდისიერება არ დადგება საფრთხის ქვეშ ნებისმიერი დაინტერესებული პოლიტიკური ძალის მცდელობის მიუხედავად", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.