პირს, რომელიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში განაცხადებს ყალბი დოკუმენტის დამზადების, შეძენის, შენახვის, გამოყენების, მისაკუთრების, გადამალვის, განადგურების და დაზიანების შესახებ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე "ამინისტიის შესახებ" კანონის პროექტის ინიცირება მოხადა.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამნისტია ერთხელ უკვე გამოცხადდა, აღმოჩნდა, რომ მოქალაქეებს ჯერ კიდევ აქვთ ასეთი დოკუმენტები.
მისი თქმით, თუნდაც "დედამთილის მოსატყუებლად მოპარული 1 წელი", დანაშაულად მიიჩნევა.
კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში განაცხადებენ მათ მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი თავის ან ნათესავის სასარგებლოდ ყალბი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, პასპორტი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სხვა) დამზადებასთან, შეძენასთან, შენახვასთან, გამოყენებასთან, მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან, დაზიანებასთან.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირას დაიწყება.