"თუ ქვეყნის ხელისუფლება არ შეწყვეტს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას ეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას, ქვეყანაში კი სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ საქართველოში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
"დემონსტრაციების დაშლა თბილისსა და ბათუმში - ეს აშკარა დარღვევაა ადამიანების ძირითადი თავისუფლებებისა", _ აცხადებს განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონიე უზენაესობის საკითხებში კონსტანტინე დოლგოვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 21 და 22 მაისს თბილისსა და ბათუმში პოლიციასა და აქციების მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. "მომიტინგეების თქმით, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის რამდენიმე მონაწილემ სხეულის დაზიანება მიიღო".
"ღრმა შეშფოთებით მივიღეთ აღნიშნული ინფორმაცია. სააკაშვილის რეჟიმის მსგავსი ქმედებები შეუძლებელია შეფასდეს სხვაგვარად, თუ არა ხელის შეშლა ქვეყნის მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიებისთვის თავისუფალი შეკრებებისა და აზრის გამოხატვის უფლების რეალიზებაში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციითაა გამყარებული. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს ძალოვანი მეთოდების გამოყენებას, ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მომავალში მდგომარეობის დაძაბვამდე და ქვეყანაში საერთო სიტუაციის დესტაბილიზაციამდე მივა", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "თბილისის აღნიშნული ქმედებები თვალსაჩინო დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის დემაგოგიური რიტორიკის უკან იმალება მათი ცხადი სურვილის არქონა და შიში ჩახედონ რეალობას თვალებში: ქვეყნის ხელისუფლების გაუაზრებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა საკუთარი მოსახლეობის მხრიდან სულ უფრო მასშტაბურ წინააღმდეგობას აწყდება", _ ნათქვამია განცხადებაში და ბოლოს აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე "ყურადებით თვალყურის დევნებას აგრძელებს".