"მე საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ იმ აზრს, რომ სწორედ ახლა იქნება შესაძლებელი სააკაშვილის მოცილება", - აცხადებს რუსეთის პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ევგენი მინჩენკო და აღნიშნავს, რომ მსგავსი აქციები საქართველოში შესაშური რეგულარულობით იმართება, თუმცა ჯერჯერობით მათ წარმატება არ აქვთ.
მისივე თქმით, საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტის მხარდაჭერა, მართალია, თანდათან მცირდება, მაგრამ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, "თან, საკმაოდ მაღალ დონეზე, რასაც აუცილებლად ემატება ძალოვანი სტუქტურების ლოიალურობა".
"რა თქვა უნდა, ადრე თუ გვიან, სააკაშვილს წასვლა მოუწევს, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ეს ოპოზიციის ახლანდელი გამოსვლის დროს მოხდება, დიდი არ არის", - აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი "იმდენად სააკაშვილის სიძლიერე არ არის, რამდენადაც ოპოზიციის სისუსტე, რომელსაც არ აქვს გამოკვეთილი ლიდერის რესურსი".
"ნინო ბურჯანაძის მოსკოვში განხორციელებულმა ვიზიტებმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული, მართალია, გადაიყვანა მის მხარეს მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, მაგრამ, სამაგიეროდ, შექმნა მნიშვნელოვანი ანტირეიტინგი მათში, ვინც ანტირუსულადაა განწყობილი", - აცხადებს მინჩენკო და აღნიშნავს, რომ "დანარჩენ ოპოზიციონერებს კი რეიტინგი ისედაც ძალიან დაბალი აქვთ".
ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოში ბევრი რამ ამერიკელების პოზიციაზეა დამოკიდებული.
"ამერიკელები კი სააკაშვილი მოცილებას ჯერ არ აპირებენ - იგი მათთვის სიმბოლური ფიგურაა, რომელთანაც დაკავშირებულია ცნობილი მითოლოგია წარმატებული ქართული რეფორმების შესახებ", _ აცხადებს ევგენი მინჩენკო, რომელიც არსებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის "დიდ განსხვავებას" ვერ ხედავს.