„სახალხო კრება" საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მორიგ პირობას უყენებს.
როგორც ცოტა ხნის წინ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ისინი ლიდერების გამოსვლების, რომლებიც 15:00 საათზეა დაგეგმილი, პირდაპირ ეთერში გადაცემას მოითხოვენ.
„ჩვენ ვითხოვთ პირდაპირ ეთერს 15:00 საათზე, როცა ჩვენი ლიდერების გამოსვლა დაიწყება და ასევე ვითხოვთ, საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში ყოველგარი კუპიურის გარეშე გაშვებას იმ განცხადებების, რომლებიც გაკეთდება", - განაცხადა ბურჯანაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძე დღეს მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა და გადაწყდა, რომ იმისთვის, რომ ჟურნალისტებს მუშაობის უფრო კომფორტული შესაძლებლობა მიეცეთ, სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის სპეციალური ადგილი გამოიყოფა.