"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი" გვიან ღამით მომხდარ ინციდენტთად დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი, რომელიც სხვა საიტებთან ერთად აერთიანებს ინტერნეტ ტელევიზია itv.ge- სა და საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ presa.ge- ს, აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, "სახალხო კრების" მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 22 მაისს გვიან ღამით მომხდარი ინციდენტზე, რომლის დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს itv.ge - ს ჟურნალისტს ნინო კეკელიასა და ოპერატორ ირაკლი ხიზანიშვილს, დაამტვრიეს ვიდეო კამერა, სცილდება ყოველგვარ დაშვებულ ნორმებს. "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი" მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი უნდა აშფოთებდეს აქციის ორგანიზატორებსა და ლიდერებს. თუმცა, სამწუხაროდ, ისინი არათუ მწუხარებას გამოთქვამენ ჟურნალისტისა და ოპერატორს ცემის, ასევე ვიდეოკამერის დამტვრევის გამო, არამედ ხშირ შემთხვევაში ახალისებენ კიდეც მომიტინგეების აგრესიას. იმ აგრესიას რომელსაც სახალხო კრების ლიდერთა და მხარდამჭერთა ნაწილი აქციების დაწყების დღიდან ავლენდა itv.ge-სა და presa.ge-ს და ჟურნალისტების მიმართ და ამას მედია საშუალებების მხრიდან აქციის არა ობიექტური გაშუქებით ხსნიდა. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების აგრესიულ ნაწილს შევახსენებთ, რომ ჟურნალისტი ხელშეუხებელია და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა კანონით დასჯადი ქმედებაა. აქციის ორგანიზატორებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ უარი თქვან მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის ძალადობრივ ფორმაზე და არ დაუშვან მათ მიმართ უხეშობა და მათი შეურაცხყოფა მომიტინგეების მხრიდან", - აღნიშნულია "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" განცხადებაში.