27-30 მაისს, საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეები გაიმართება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ღონისძიება საინტერესო პროგრამებით იქნება გაჯერებული".
„ეკვადორის კულტურის დღეების პროგრამა მოიცავს ადგილობრივი ფოლკლორისა და ცეკვების, ასევე ეკვადორული ფილმებისა და სპექტაკლების ჩვენებას", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიების საპასუხოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს კულტურის დღეები უკვე ეკვადორში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ეკვადორის კულტურის დღეების საორგანიზაციო საკითხების შესათანხმებლად თბილისს რამდენიმე კვირის წინ ეკვადორის კულტურის სამინისტროს დელეგაცია სტუმრობდა.