საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, კონსულტაციები დედაქალაქ ბერნში დღეს დაიწყო.
„კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნება, როგორც ორმხრივი პოლიტიკური, ისე ეკონომიკური საკითხები. ასევე ყურადღება გამახვილდება შვეიცარიის, როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაში მედიატორის როლზე", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელება 30 მაისს საქართველოში შვეიცარიის პრეზიდენტის მიშელ კალმირეის ოფიციალური ვიზიტი იქნება, რომელსაც როგორც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ისე საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ.
„შეხვედრებზე მოხდება ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში დგას", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას საქართველოს საგარეო უწყება პოლიტიკურ კონსულტაციებს კიდევ ერთ სახელმწიფოსთან - საფრანგეთთან გამართავს. კალანდაძის ინფორმაციით, კონსულტაციები თბილისში, 27 მაისს დაიწყება. მისივე თქმით, კონსულტაციების გარდა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძესა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთანაც გამართავენ შეხვედრებს.