თბილისს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სტუმრობს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები იმართება.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დღესვე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის საფუძველზეც საქართველოსა და ისრაელს შორის პოლიტიკური კონსულტაციები უფრო რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
„ისრაელთან პოლიტიკური კონსულტაციები 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ გამართულა. ასე რომ, ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმება დროული გადაწყვეტილებაა, რადგან ის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვას ითვალისწინებს. რაც შეეხება, უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში მიმდინარე კონსულტაციებს, მასზე როგორც ორმხრივი პოლიტიკური, ისე ეკონომიკური საკითხების განხილვა მიმდინარეობს", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ისრაელის საგარეო უწყების დელეგაციას, რომელსაც მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაც მიიღებენ.
„ვინაიდანაც აფხაზეთში ისრაელის ბიზნესდელეგაციის მიერ განხორციელებული ვიზიტი მწვავე საკითხია, მხარეებს შორის შეხვედრისას ამ თემის წამოწევაც მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ აპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ სტუმრების მხრიდან, კიდევ ერთხელ მოხდეს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ისრაელის პოზიციის დაფიქსირება", - აღნიშნა კალანდაძემ.