საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის შეფასებით, „სახალხო კრების" მიერ საქართველოს ორ ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებში არაორდინალური არაფერია.
„მე, როგორც მთავრობის წევრმა, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს შეკრებისა და თავისუფლების უფლებას. ეს არის ჩვენს მიერ დანერგილი ღირებული პრინციპი, რომელსაც პატივს ვცემთ. არაორდინალური არაფერი ხდება. მეტიც, მას სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაც აქვს", - განუცხადა ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებულ პოზიციას, კალანდაძის თქმით, მათი მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა.
„ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავს. თუმცა, ჩვენ თვალს ვადევნებთ, როგორ ფასდება მიმდინარე პროცესები საერთაშორისო პრესაში", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა დედაქალაქსა და ბათუმში „სახალხო კრების" ორგანიზებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.