უნგრეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დღეს უნგრელ კოლეგა პალ შმიტს შეხვდება. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ორი ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთს პირისპირ პრეზიდენტის სასახლეში შეხვდებიან, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია მოეწყობა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს ასევე უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ლასლო კოვერთან და უნგრელ ბიზნესმენებთან გამართავს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი პირი უკვე შეხვდ ქალაქ კიშკოროს მერს.
„როგორც კიშკოროს მერმა აღნიშნა, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობას და განამტკიცებს უგრელი და ქართველი ხალხის მეგობრობას", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილმა კიშკოროში ორი ქართველი მწერლის - გრიგოლ აბაშიძისა და წარმოშობით აფხაზი ბაგრატ შინქუბას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.
საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთის რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა. მას ბუდაპეშტის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.