დღეს,23 მაისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მეთორმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია "ამერიკა: XXI საუკუნის გამოწვევები" გაიმართება. ღონისძიების გახსნას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ როდნი ბასი დაესწრებიან.
კონფერენციის მიზანია ამერიკის ქვეყნების ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და რელიგიის საკითხების პროფესიულ დონეზე განხილვა და მიღებული ინფორმაციის პოპულარიზაცია საქართველოს საზოგადოების ფართო ფენებში; ასევე ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება ამერიკელ კოლეგებთან.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ნეილ მაკფარლეინის ლექცია თემაზე - „ობამას ადმინისტრაცია და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა". მოხსენებით წარსდგება ამერიკელი პოლიტოლოგი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი დევიდ სმიტი - "ამერიკა: გეოპოლიტიკა და 2012 წლის არჩევნები". სულ კონფერენციაზე 130 მოხსენება იქნება წარმოდგენილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრასთან არსებული ამერიკის ისტორიის შესწავლის ლაბორატორია 1998 წელს ამერიკის ისტორიის ხოლო 2002 წელს კი, ამერიკის შესწავლის ცენტრად ჩამოყალიბდა. 2008 წელს ცენტრი ამერიკის შესწავლის ინსტიტუტად გარდაიქმნა. ყოველწლიურად ინსტიტუტი მასშტაბურ კონფერენციებს მასპინძლობს, გამოსცემს სამეცნიერო კრებულებს, რომლის ერთ-ერთი რედაქტორი სტენფორდის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის დირექტორია. ინსტიტუტი აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებთან: სტენფორდის, რატგერსის, ვისკონსინის და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს. რატგერსის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტის ერთ-ერთი დამაარსებელი, პროფესორი მაიკლ როკლენდი თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კონსულტანტია.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და თსუ-ს ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის მხარდაჭერით ამერიკის შესწავლის ცენტრები საქართველოს კიდევ სამ უმაღლეს სასწავლებელში, კერძოდ, ქუთაისის, ბათუმის და თელავის უნივერსიტეტებში შეიქმნა.