„იმ დღიდან, როგორც კი ფეხს დავდგამ საქართველოს ტერიტორიაზე, ვკარგავ პოლიტიკურ თავშესაფარს, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებამ მომცა და შესაბამისად, - უკან, საფრანგეთში დაბრუნების უფლებას. ამ ნაბიჯს ვდგამ შეგნებულად, გაცნობიერებულად და ამით ვიჭრი უკან დასახევ გზას. მე მინდა, ეს იყოს ერთგვარი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნეიტრალურად უყურებენ სიტუაციას და ტელევიზორიდან ადევნებენ თვალს განვითარებულ მოვლენებს", - განაცხადა „ქართული პარტიის" თანათავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა „არგუმენტების" პირდაპირ ჩართვაში.
ირაკლი ოქრუაშვილი მოუწოდებს ნეიტრალურ ადამიანებს, რომ 25 მაისს, დღევანდელი ხელისუფლებისთვის დამაგვირგვინებელი დარტყმის მიყენების დღეს, „სეირის საყურებლად მაინც მოვიდნენ, რომ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუბრუნონ მომავალი".
„ჩვენ, პოლიტიკოსები, ქართველ ხალხთან ერთად, ვიდგებით ბარიკადების ერთ მხარეს, მეორე მხარეზე კი იდგება სააკაშვილის ხელისუფლება, მის ბანდასთან ერთად.ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი, სად დადგება. ნეიტრალური ვერავინ იქნება", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც სთხოვს ასეთ ადამიანებს, არჩევანი ქართველი ხალხის სასარგებლოდ გააკეთონ.
„მათი არჩევანი გადაწყვეტს საქართველოს ბედს და საქართველოს მომავალს", - მიიჩნევს „ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე.
იგი დარწმუნებულია, რომ 25 მაისს სააკაშვილის ხელისუფლება არსებობას დაასრულებს და ეს მოხდება, დიდი დანაკარგების გარეშე. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ხალხის აქტიურობისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, დანაკარგები მინიმალური იქნება და ამის გათვალისწინებით, ყველამ უნდა გააცნობიეროს ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობა.
„არ მაქვს პრეტენზია პირველობაზე, ლიდერობაზე და იმაზე, რომ ჩვენ ვართ ამ პროცესის წარმმართველები", - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი თქმით, 25 მაისს ვანო მერაბიშვილს დიდი გამოცდა ექნება ჩასაბარებელი.
„მითი მისი უძლეველობის შესახებ შეიძლება ერთ დღეში დაიმსხვრეს და მე ამის გაკეთებას გპირდებით", - განაცხადა „ქართული პარტიის" თანათავმჯდომარემ.