„26 მაისს დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღის აღსანისნავი აღლუმი, შესაძლოა, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების მაპროვოცირებელი გახდეს. „ახალ მემარჯვენეებს" მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ მის ჩატარებაზე უარი უნდა თქვას", - ნათქვამია „ახლების" განცხადებაში.
ამასთან, „ახალი მემარჯვენეები" საქართველოში მიმდინარე მანიფესტაციებსაც ეხმაურებიან და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილების მცდელობა ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ იქნება და საქართველოში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები ერთი და იგივე მანკიერ წრეზე სიარულს ემსგავსება.
„ახალი მემარჯვენეები" შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვა და მშვიდობიანი პროტესტი ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა და მისი შელახვა დაუშვებელია. ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა, უპერსპექტივობა და მძიმე სოციალური ფონი აიძულებს ადამიანებს გამოვიდნენ ქუჩაში და პროტესტი გამოთქვან არსებული მდგომარეობის გამო. პროვოკაციების მოწყობით და ძალადობით ამ პროტესტთან დაპირისპირების გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, კიდევ უფრო მეტ აგრესიას იწვევს ქვეყანაში და სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას ქმნის. ვაცხადებთ, რომ გუშინ საღამოს და დღეს თბილისსა და ბათუმში მომხდარი პროვოკაციების და დაპირისპირების გამო მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. „ახალი მემარჯვენეები" მოუწოდებენ ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაპატიმრება, მათი გატაცება და სხვა სახის ძალადობრივი ქმედებები, თავი დაანებონ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას და მისცენ ადამიანებს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება", - აღნიშნულია განცხადებაში.