"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ძალადობას გმობს და სამართალდამცავ სტრუქტურებს მოქალაქეთათვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს.
"დღეს დილით განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ვითარება ფეთქებადსაშიშია და ნებისმიერმა არარაციონალურმა მოქმედებამ შესაძლოა სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და გართულება გამოიწვიოს, რაც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეთა ინტერესებს ეწინააღმდეგება. "ქრისტიან-დემოკრატები" ვგმობთ ძალადობას ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის და მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ დაიცვან მოქალაქეთათვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყონ მანიფესტანტების უსაფრთხოება", - ნათქვამია "ქრისტიან-დემოკარტების" განცხადებაში.
ამასთან, ისინი ხელისუფლებასაც მიმართავენ და მოუწოდებენ, "დაფიქრდეს 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე და გადაწყვეტილება ოპერატიულად აცნობოს საზოგადოებას".