„ეროვნული საბჭო" „სახალხო კრებას" სოლიდარობას იმ შემთხვევაში გამოუცხადებს, თუ მოთხოვნას შეცვლის და პრეზიდენტის გადადგომის ნაცვლად სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობას დააყენებს.
„ჩვენ წყენის გამო არ გვითქვამს „სახალხო კრების" აქციის სოლიდარობაზე უარი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რჩევა და წინადადება და ეს იმაში მდგომარეობს, რომ აქცია უნდა ეწყობოდეს სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რასაც ექნება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაც და წარმატების შანსიც. ეს წინადადება არ იქნა გაზიარებული აქციის ორგანიზატორი ძალის მიერ, ასე რომ, „ეროვნული საბჭოც" არ აპირებს მიტინგზე მისვლას", - განუცხადა „ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის 25 მაისს საქართველოში ჩამოვა და ამავე დღეს „დაამთავრებს ხელისუფლებას", დავითაშვილი მას „საგანგაშოდ" არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ არაფერიც არ მოხდება.
„სიტუაციის ესკალაციას ნაკლებად ვვარაუდობ. ბატონ ოქრუაშვილს ამ ტიპის განცხადებები არა ერთხელ გაუკეთებია", - აღნიშნა დავითაშვილმა.