"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლების მხრიდან ძალადობას გმობენ. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები დემონსტრაციის მოსაწყობად შეიკრიბნენ, აშკარად ასახავს ქართული საზოგადოების უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ.
"თავისუფალი დემოკრატები" ვგმობთ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას და სტაბილურობის სახელით სამოქალაქო უფლებების ხელყოფას. მოვითხოვთ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დაკავება, აქციის მონაწილეთა გატაცება და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები. სამწუხაროდ დღვანდელმა ძალადობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნები 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.
ყოველგვარი პროვოკაციისა და შემთხვევითობის თავიდან ასაცილებლად, "თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ, აეკრძალოს პოლიციას აქციის პერიმეტრზე სამოქალაქო ტანსაცმელში და განმასხვავებელი ნიშნების გარეშე ყოფნა და გადაადგილება.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს და საკუთარი წარუმატებლობის გამო დაგროვილი აგრესია ქუჩაში გამოსული ადამიანების წინააღმდეგ არ მიმართოს და ქვეყანა კიდევ ერთხელ არ დააყენოს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე",- აცხადებენ პარტიაში.