„ახალი მემარჯვენეები" „სახალხო კრების" ორგანიზებით მიმდინარე აქციების ბოიკოტირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.
„ახალ მემარჯვენეებს" ჩვენი პოლიტიკური გზა და დღისწესრიგი, ჩვენი დამოკიდებულება ამ ტიპის აქციებისადმი უკვე განსაზღვრული გვაქვს. ეს ეტაპები განვლილი გვაქვს სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა ხარისხში და სხვადასხვა აქტივობით. ასე რომ, ჩვენი სტრატეგიული პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" „ახლების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ „სახალხო კრების" ორგანიზებით მიმდინარე აქციას, კაციტაძის თქმით, ის რომ საზოგადოებაში არის პროტესტი და ეს პროტესტი უაღრესად დიდია, აბსოლუტურად გასაგებია და სიახლეს არ წარმოადგენს.
„შეიძლება იმის თქმაც, რომ ამ პროტესტის გამომწვევი არის ხელისუფლება და სწორედ მასზეა პასუხისმგებლობა, რომ დღეს აქციები იმართება, თუმცა ეს პასუხისმგებლობისგან პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეებს არ ათავისუფლებს. მთავარია, რომ პოლიტიკური პროცესები არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვითარდეს ძალადობრივი გზით.
ძალადობრივი მოქმედება არ შეიძლება და ვერ გამართლდება. ნებისმიერი ტიპის ძალადობის გამოვლენა „მემარჯვენეებისთვის" მიუღებელია", - აღნიშნა კაციტაძემ.
ამასთან, მან „გულწრფელი სინანული" გამოთქვა, „თავისუფლების მოედანზე" გამართული აქციის „მასშტაბსა და ხარისხთან" დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიტინგის გასამართად კონკრეტული დროის და თარიღის წინასწარ განსაზღვრა აჩენს განცდას, რომ ასეთი ტიპის აქციები მეორე ჯერზე ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს და საზოგადოებაში კიდევ მეტი ნიჰილიზმის გაჩენას შეუწყობს ხელს.
„მართლა გულწრფელი სინანული მინდა გამოვთქვა პროტესტის გამოხატვის მასშტაბურობისა თუ ხარისხთან დაკავშირებით, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონკრეტული დროის და თარიღის დასახელება აჩენს განცდას, რომ ასეთი ტიპის აქციები მეორე ჯერზე ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს და საზოგადოებაში კიდევ მეტი ნიჰილიზმის გაჩენას შეუწყობს ხელს. მდგომარეობის და დროის შერჩევაა საჭირო. ის უნდა იყოს დაჭერილი და არა წინასწარ დაანონსებული", - განმარტა „ახლების" ერთ-ერთმა ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, „ძველი წყენა დაივიწყონ" და მათ გვერდით დადგნენ.