ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობის გამო საერთაშორისო ორგანიზაციები და დილომატიური კორპუსი შეშფოთებულია, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსთან მას ყოველწუთიერი კავშირი აქვს.
„ჩვენ გვაქვს სისტემატიური კონტაქტი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსთან. ისინი შეშფოთებულები არიან იმ უკანონობით, რომელიც უკვე დაფიქსირდა - ადამიანების გატაცებით, მანქანების წართმევით და ბათუმსა და თბილისში აქციების დარბევით", - აცხადებს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, „სახალხო კრება" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბრძოლა წარმატებით დასრულდეს და ისინი უკან დახევას არ აპირებენ.
რაც შეეხება რეგიონებიდან მათი მომხრეების ჩამოყვანას, ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ დედაქალაქში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.