ბათუმის აქციის მონაწილეები ღამის გატარებას ერას მოედანზე გეგმავენ. ამის შესახებ თემურ შაშიაშვილმა აქციაზე განცხადა.
მან მოუწოდა ყველას, ვისაც აქვს საშუალება, დარჩეს ღამით ერას მოედანზე, ქალბატონებს კი ურჩია, რომ სახლში წასულიყვნენ, რადგან ის პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
შაშიაშვილის განცხადებით, ხვალ 12.00 საათზე ბრიფინგი გაიმართება, შემდეგ კი მორიგი შეკრება 13.00 საათზე, ან 15.00 საათზე გამოცხადდება.
საპროტესტო აქციები, როგორც შაშიაშვილი ამბობს, 26 მაისამდე გაგრძელდება, რომელიც თავის საბოლოო დადებით შედეგს გამოიღებს.
შაშიაშვილმა კიდევ ერთი მოწოდება გააკეთა ოპოზიციონერი კოლეგების მისამართით. მან კოლეგებს მოუწოდა, გადადონ საკუთარი ამბიციები და შეუერთდნენ "სახალხო კრების" აქციებს და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით.
შაშიაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ დარბევას არავითარ შემთხვევაში არ აპატიებს.
რაც შეეხება აჭარის ტელევიზიას და მიმდებარე ქუჩებს, სრულად იცავს როგორც სპეცრაზმი, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.