ბათუმში "სახალხო კრება" პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება, - ამის შესახებ ერას მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მუდმივად მიმდინარეობს ტელეფონის საშუალებით თათბირი თბილისში მყოფ წევრებთან, მათ შორის ნინო ბურჯანაძესთან, ნონა გაფრინდაშვილთან და შესაბამისად მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც, როგორც შაშიაშვილი ამბობს, მედიას 20:30 საათისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე გააცნობენ.
მანამდე კი ბათუმის ტელევიზიასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა დაარბიეს. აქციის დარბევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორგანიზატორებმა ტელევიზიის ხელმძღვანელობას რამდენიმეწუთიანი ვადა მისცეს, რათა მათთვის პირდაპირი ეთერი დაეთმოთ.
მომიტინგეთა ინფორმაციით, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ რამდენიმე აქციის მონაწილე, მათ შორის ორგანიზატორი თემურ შაშიაშვილი გაიყვანა. მათივე განცხადებით, ზოგიერთმა სპეცრაზმელმა მათ ქვებიც დაუშინა.