„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „სახალხო კრება" უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს.
„თუ არ გვინდა ამ ხელისუფლების ტყუილში ვიცხოვროთ, უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ უკან ერთი ნაბიჯი არ გადავდგათ. გპირდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, უკან არც ერთ ნაბიჯს არ გადავდამთ და ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ წავიდეს ჩვენ არ ვაპატიებთ ხელისუფლებას ამდენ ტყუილს, არ ვაპატიებთ დამოუკიდებელ ქვეყანაში ნეობოლშევიზმის აღდგენას, არ ვაპატიებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების შელახვას. ჩვენ დავიბრუნებთ ამ უფლებას და არც ერთი ადამიანი საქართველოში ციხეში უსამართლოდ აღარ ჩაჯდება, თუმცა დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება და გპირდებით, რომ პირველი, ვინც დაისჯება იქნება ამ ხელისუფლების რამდენიმე ათეული წარმომადგენელი", - მიმართა ნინო ბურჯანაძემ „თავისუფლების მოედანზე" შეკრებულ მომიტინგეებს.
მისივე განმარტებით, კრება იბრძვის არა ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის.
„ჩვენ ვიბრძვით არა ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის. სწორედ ამის შეეშინდა ხელისუფლებას, რომ დღეს აქ მსოფლიოს უნდა დაენახა, რომ ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიის, სამართლიანობის, სიდუხჭირის დაძლევისთვის, განათლების პრობლემის მოგვარებისთვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ გვინდა. იცით კიდევ რისი ეშინია ხელისუფლებას? რისთვისაც ჩვენ აქ ვდგავართ. გადახედეთ - არც ერთი პლაკატი არ დაგვიტოვეს, გარდა იმისა, რომ მიშა უნდა წავიდეს. ეშინიათ ამ ტრანსფარანტის, ხალხის გულიდან ამძახილის", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ამასთან, „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებას არც ერთ კითხვაზე: როგორც უნდა იცხოვროს ქვეყანამ, როგორ გამოკვებოს ოჯახის წევრები მოქალაქეებმა და რაც ყველზე მთავარია, როგორ გავამთლიანოთ მამული, არ აქვს.
„არც ერთ ამ თემაზე არ გველაპარაკება ხელისუფლება, რადგან მას დღეს არანაირი შანსი არ აქვს ეს პრობლემები მოაგვაროს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.