„სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის ნონა გაფრინდაშვილის აზრით, არსებულმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხს დააკარგვინა ყველაფერი, რაც ხალხისთვის ძვირფასი და ფასეული იყო.
„დღეს თითოეული ჩვენგანის აქ ყოფნა დასტურია იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს უმოქმედო მოწმეები ვიყოთ ჩვენი სამშობლოს დაკნინებისა და ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესისა.
ჩვენ ქვეყნას მომავლის პერსპექტივა აღარ აქვს. არც ერთი ჩვენგანი არ წარმოვადგენთ რაიმე ღირებულებას დღევანდელი ავტორიტარული ხელისუფლებისთვის. ადამიანს აღარ გააჩნია მთავარი - სიცოცხლისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება. სააკაშვილმა დაგვაკარგინა ყველაფერი რაც ძვირფასი და ფასეული იყო ჩვენი ხალხისთვის. სააკაშვილმა დაგვაკარგინა ჩვენი მიწა-წყალი, სააკაშვილი ებრძვის ჩვენ ენას და სარწმუნოებას, სააკაშვილი ებრძვის ჩვენ ტრადიციებს. ჩვენს ქვეყანას შველა სჭირდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის რეალობა ბევრად მძიმე იქნება, ვიდრე დღევანდელი აუტანელი ყოფაა", - მიმართა გაფრინდაშვილმა „თავისუფლების მოედანზე" შეკრებილ მომიტინგეებს.
აღნიშნულის კონტექსტში, გაფრინდაშვილმა ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, „ამ გადამწყვეტ ჟამს, ყველაზე მაღლა დააყენონ სამშობლოს ინტერესები ქართული სახელმწიფოს ღირსეული მომავლის მოსაპოვებლად"!
„იმედი მხოლოდ ჩვენი თავისა გვქონდეს. განსაკუთრებული იმედით მოგმართავთ ახალგაზრდებს. ეს თქვენი ქვეყანაა! დღევანდელი სწორი არჩევანი, თქვენი გონი და ენერგია, თქვენი აქტიური პატრიოტიზმი ჩვენი სამშობლოს ერთიანობის და კეთილდღეობის გარანტიაა! ქვეყნის გადასარჩენად დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო! ჩვენ მივაღწევთ, რომ ხელისუფლებამ იმოქმედოს ხალხის ნებისა და მოთხოვნის შესაბამისად!
გავერთიანდეთ ერთიანი, თავისუფალი, სამართლიანი და ძლიერი
საქართველოსთვის", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
მისივე აზრით, „სააკაშვილის უგუნური, დამნაშავე ხელისუფლება ყოველდღე, ყოველი მსგავსი მოქმედებით დასასრულს სულ უფრო მეტად უახლოვდება.
ხელისუფლების ვერანაირი მოქმედება ვერ შეუშლის ხელს ხალხის ნების აღსრულებას".
"სახალხო კრებას შემუშავებული აქვს თანმიმდევრული მოქმედების გეგმა, გათვალისწინებული ყველა ის სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მოვლენები განვითარდეს. ყველა იმ ადამიანის, თუნდაც ყველაზე გულწრფელი გულშემატკივრის თვითშემოქმედების საფუძველზე დაწყებული მოქმედება, დიდი ალბათობით შეიძლება გახდეს პროცესების ხელისშემშლელი, რითაც სააკაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს.
სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, არ აყვეთ პროვოკაციას...
იმოქმედეთ "სახალხო კრების" შტაბის მითითებების სრული დაცვით.
ხალხის სიმრავლე, ორგანიზებულობა და თანმიმდევრული მოქმედებები რეჟიმზე საბოლოო გამარჯვებას უზრუნველყოფს.
დღეს ჩვენ ვიწყებთ სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გასანთავისუფლებელ გადამწყვეტი ბრძოლას! ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა კრების ერთ-ერთმა ლიდერმა.