ბარაკ ობამამ ამერიკის კონგრესს წერილი გაუგზავნა, რომელიც ლიბიაში სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას შეეხებოდა.
როგორც Associated Press-ი იტყობინება, აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სთვის ამ ოპერაციაში მონაწილეობის მიღება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მანვე დაამატა, რომ ამ საკითხთან მიმართებით კონგრესმენთა წინადადებებს მიესალმება.
ობამას მიმართვა იმით იყო განპირობებული, რომ 20 მაისს 60 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ლიბიაში ოპერაციის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.
ამერიკული კანონმდებლობით, ეს მაქსიმალური ვადაა, რომლის განმავლობაშიც პრეზიდენტს შეუძლია, სამხედრო ოპერაცია კონგრესის თანხმობის გარეშე ჩაატაროს.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ოპერაცია გაგრძელდება. ამ ეტაპზე კი კონგრესთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრით, ნატოს ოპერაციაში აშშ-ის მონაწილეობა სრულყოფილ ომად არ განიხილება, რომლის წარმართვის მიზნითაც კონგრესის თანხმიბა აუცილებელი იქნებოდა.
შეგახსენებთ, ნატოს ძალების მხრიდან სამხედრო ოპერაცია 2011 წლის მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც გაერომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ლიბიის შიდა საქმეებში უცხო ძალების ჩართვას ითვალისწინებდა.
მოკავშირეები თანადგომას უცხადებენ მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებულებს და რეგულარულად ბომბავენ მებრძოლთა პოზიციებს, რომლებიც ლიბიის დიქტატორის მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილნი.