თავისუფლების მოედანზე სამანქანო მოძრაობა პარალიზებულია.
ადგილზე აქციის მონაწილეთა მობილიზების გამო მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა.
ამ დროისთვის საკრებულოს შენობის წინ რამდენიმე ათასი ადამიანია მობილიზებული, თუმცა აქცია ჯერ არ დაწყებულა. „სახალხო კრება" თავისუფლების მოედანზე აქციის დასაწყებად საჭირო ტექნიკური პრობლემის მოგვარებას და სცენის დამონტაჟებას ვერ ახერხებს.
როგორც მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია კობახიძემ განუცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ „არსებულმა რეჟიმმა ის მანქანა დააზიანა, რომელზეც სცენის დასამონტაჟებლად საჭირო ტექნიკა იყო განთავსებული".
ამის გამო, „სახალხო კრების" წარმომადგენლებს ჯერჯერობით მხოლოდ ე.წ. რუპორით უწევთ აქციის მონაწილეებისადმი მიმართვა, თავად ლიდერების გამოსვლა კი ჯერ არ დაწყებულა.
„მსოფლიოში არ არის ისეთი ხელისუფლება, რომელიც ასე უღირსაც არცხვენს თავის ხალხს და ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ", - მიმართა აქციის მონაწილეებს გია კობახიძემ.