სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ფილარმონიასთან "შეფიცულთა" წარმომადგენლები იკრიბებიან.
როგორც კრების ვებ.გვერდი იუწყება, ფილარმონიასთან იმყოფება რამდენიმე ათეული მოქალაქე. მათი განცხადებით, აქციის მონაწილეები იქ მისვლას დაიწყებენ დაახლოებით 13.30 საათის შემდეგ. გაკეთდება განცხადებები, რის შემდეგაც მოხდება მსვლელობა სასტუმრო "რედისონის" მიმართულებით, სადაც აქციის მონაწილეები დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული სახალხო კრების წევრებს შეუერთდებიან.
ამის შემდეგ, კრების აქტივისტები უკვე გადაინაცვლებენ თავისუფლების მოედანზე და შეუერთდებიან აღმოსავლეთ საქართველოდან წამოსულ აქტივისტებს.
მხარდამჭერები იკრიბებიან ავლაბრის მოედანზეც. როგორც კრება იუწყება, ამ დროისთვის მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები და ისან-სამგორის რაიონის აქტივისტები.
მათი განცხადებით, შეკრება დაახლოებით 14.00 საათამდე გაგრძელდება, 14.30 საათიდან კი მოეწყობა მსვლელობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ცენტრალურ საპროტესტო აქციას შეუერთდება.
ამ დროისთვის ავლაბრის მოედანზე არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იმყოფება, თუმცა აქტივისტების განცხადებით, იქ მივა "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლუკა კურტანიძე და ავლაბრიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას ორგანიზებას სწორედ ის გაუწევს.