„ქართული პარტიის" წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყო. პარტიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ერგემლიძე დააკავეს. „ქართული პარტიაში" ამბობენ, რომ კახა ერგემლიძე საპატრულო პოლიციამ, სახლში მიმავალი, აგარაში დააკავა. მისი დაპატიმრების საბაბი კი გახდა ის, რომ, თითქოს, მან უარი თქვა ალკოჰოლური შემოწმების გავლაზე.
მათივე ინფორმაციით, 20 მაისს, გვიან ღამით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში საგანგებო თათბირი ჩატარდა, რომელსაც სამართალდამცავებთან ერთად, კრიმინალური ავტორიტეტებიც, ესწრებოდნენ. ამ შეკრებაზე დაიგეგმა ე.წ „აბლავა" ოპოზიციური პარტიების აქტიური წევრების წინააღმდეგ.
„ქართული პარტიაში" აცხადებენ, რომ დღეს დილით კი პოლიციელებმა დააკავეს ჭიათურის რაიონის სოფელ კირცხთან დააკავეს ნავარძეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ლაზარე, რომელიც 14 მაისს ბათუმში „ქართული პარტიის" მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობდა. მაშინ მან აქციის მონაწილენი დალოცა და მათ სიტყვით მიმართა. მამა ლაზარეს დაკავება მოხდა იმ დროს, როდესაც იგი ღვთისმსახურების შესასრულებლად ეკლესიაში მიდიოდა. დაკავებას სპეცოპერაციის სახე მიეცა და მასში ჭიათურის პოლიციის რაიონული განყოფილების უფროსიც მონაწილეობდა. მამა ლაზარეს დაკავება კი იმსა ბაბით მოხდა, თითქოს, ის სამართალდამცავებს არ დაემორჩილა. ამჟამად იგი პოლიციის მაღალჩინოსნის მალხაზ ჩუბინიძის კაბინეტში დაკითხვაზე იმყოფება.
„ქართული პარტია" აცხადებს, რომ როგოც კახა ერგემლიძის, ისე მამა ლაზარეს დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.