„ქართული პარტია" „სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთან" საუბარში განაცხადა და განმარტა, რომ „ქართული პარტია" 21 მაისის აქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი ინიციატივის ფორმატს მთლიანად "სახალხო კრებას" უთმობს და მათ საკუთარი მიზნების, ჩანაფიქრებისა და ამოცანების რეალიზების საშუალებას აძლევს.
„ "ქართული პარტიის" მიზანია, რეჟიმი შეიცვალოს და წარმატებული ქვეყანა აშენდეს. "ქართულმა პარტიამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ 21 მაისთან დაკავშირებით, ნებისმიერი ფორმატის ინიციატივას მთლიანად "სახალო კრებას" უთმობს და აძლევს საშუალებას, რეალიზება გაუკეთონ მის მიზნებს, ჩანაფიქრებსა და ამოცანებს. "ჩვენ არ გავაჩენთ ყალბ დეზორიენტაციას საზოგადოების არც ერთ ფენაში", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ "სახალხო კრება" საკუთარ ჩანაფიქრს განახორციელებს და რეჟიმს დაასრულებს, "ქართული პარტია" იქნება "ძალიან ბედნიერი ხალხთან ერთად რეჟიმის დამთავრების აღნიშვნაში". ხოლო თუ ხელისუფლება განახორციელებს რაიმე ტიპის მოქმედებას ხალხის წინააღმდეგ, კიწმარიშვილის განცხადებით, "ქართული პარტია" ხალხთან ერთად იქნება.
"ეს არის ჩვენი პოზიცია, რისი თქმაც დღეს შემიძლია", - განაცხადა კიწმარიშვილმა და დასძინა, რომ "ქართული პარტია" უახლოესი დღეების გეგმებს, ასევე უახლოეს დღეებში გაახმოვანებს.
ზოგადად კი, ეროსი კიწმარიშვილს "სახალხო კრება" და "ქართული პარტია" მიაჩნია იმ პოლიტიკურ ძალებად, რომელთაც რეალურად სურთ ხელისუფლების შეცვლა და არ არიან გარიგებულნი ხელისუფებასთან იმ ძალებისგან განსხვავებით, "რომლებიც საბოლოო პოზიციას ვერ აყალიბებენ და დღესაც მიაჩნიათ, რომ ქარველი ხალხის ინტერესებში ეფემერული მოლოდინებია".
ასევე, ეროსი კიწმარიშვილმა ბრძოლის რთულ პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ხელისუფლებისგან "საშინელ" კომპრომატებს და სპეცსამსახურების მიერ შეთითხნილ ბინძურ ცილისწამებებსაც ელოდება.