„სახალხო კრების" ორგანიზებულ საპროტესტო მიტინგს ოპოზიციური „რვიანი" არ შეუერთდება.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე პოლიტიკურ ლიდერებს ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილება დაუშვებლად მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვთ.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, საქართველოსთვის რევოლუცია შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.
„საზოგადოება ელოდება ორ რევოლუციას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ნიჰილისტური. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს მთავრობა გეგმავს აღლუმის ჩატარებას უამრავი მძიმე საბრძოლო ტექნიკით. იმედი მაქვს რომ აქციები, რომელზეც ეს ოპოზიციური ძალები აპირებენ 26 მაისს არეულობაში არ გადაიზრდება. რევოლუცია შეიძლება დამღუპველი იყოს საქართველოსთვის. საქართველოში ხელისუფლების გამოცვლა უნდა მოხდეს ცივილიზებული გზით. ამის განხორციელება კი შესაძლებელია ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნით, რომელიც ობიექტურ არჩევნებს ჩაატარებს", - განაცხადა თრაგამაძემ.
ეროვნული საბჭოს ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით კი, უფრო მნიშვნელოვანი წარმატების შესაძლებლობას მოიცას "ოპოზიციური რვიანი" თავისი საქმიანობით, რასაც სერიოზული საერთაშორისო მხარადაჭერა აქვს.
„სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციას ემიჯნებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის "ჩვენ თვითონ" და „ეროვნულ დემოკრატიული პარტია".
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" არ მიიღებს მონაწილეობას აქციაში, რომელიც ქვეყანაში ცვლილებების რევოლუციური გზით განვითარებას ისახავს მიზნად. ქვეყანაში ნებისმიერი რევოლუციური პროცესი შედეგად მოიტანს საქართველოს დასავლური კურსის შებრუნებას ჩრდილოეთისკენ და ეს ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" მაშინაც იყო ხელისუფლების შეცვლის მომხრე, როცა ქალბატონი ბურჯანაძე იყო ქვეყნის მეორე და პირველი პირიც და დღესაც ამ ხელისუფლების ცვლილების მომხრეა, ოღონდ ვერ დადგება რევოლუციის მხარეს მხოლოდ ბურჯანაძის ხელისუფლებაში მოსასვლელად. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ცივილიზებული, საარჩევნო გზით, თუ ჩვენ რეალურად გვსურს ამ ქვეყნის განვითარება", - განუცხადა ქარდავამ ჟურნალისტებს.
ოპოზიციური ძალებიდან „სახალხო კრების" მიერ დაანონსებულ აქციებს მხოლოდ „თავისუფალი საქართველო" შეუერთდება.