თელავში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და მძღოლებს მანქანები ჩამოართვეს და საჯარიმო სადგომზე გადაიტანეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, , სამართალდამცავებს მძღოლებისთვის მანქანების ჩამორთმევის მიზეზი არ განუმარტავთ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზოგიერთი მანქანა პირდაპირ სახლებიდან წაიღეს. რამდენიმე მანქანა დაზიანებულია.
„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მფლობელებს 20-ზე მეტი ავტომანქანა და სამარშუტო ტაქსი ჩამოართვეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მიზეზის გარეშე. ზოგიერთი მანქანა მიზანმიმართულად დააზიანეს კიდეც. ერთ-ერთ ადამიანს „მერსედესის" მანქანა წაართვეს, მიზეზად კი უთხრეს, რომ სიმთვრალის ტესტის გაკეთებას არ თანხმდებოდა. ამ ადამიანმა რამდენჯერმე გაუმეორა, რომ თანახმა იყო სიმთვრალეზე შეემოწმებინათ, მაგრამ პოლიციელები არ უსმენდნენ. ევაკუატორი გამოიძახეს და ავტომობილის გადაყვანის დროს, მიზანმიმართულად წინა მინა დააზიანეს, მძღოლს კი 3 წლის განმავლობაში მანქანის მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ოქმი შეუდგინეს. ახმეტაში, სოფელ მატანში ოპოზიციის მხარდამჭერს მანქანაზე საბურავები მოუხსნეს. თელავში მცხოვრებ ილარიონ ვარდოსანიძეს პოლიციელები სახლში მიადგნენ. ის სახლში არ დახვდათ და მიკროავტობუსი ისე გადაიყვანეს საჯარიმო სადგომზე, რომ პატრონის მისვლას არც კი დაელოდნენ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „თავისუფალი საქართველოს" თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიაშვილმა.
„სახლში არ ვიყავი. რომ დავბრუნდი მარშუტკა ეზოში აღარ დამხვდა. საჯარიმო სადგომზე მივედი და მითხრეს, ჯარიმა გაქვს გადასახდელი და ამიტომ წამოვიღეთ, რამდენიმე დღეში დაგიბრუნებთო. 100 ლარიანი ჯარიმა რამდენიმე კვირის წინ დამიწერეს, მაგრამ ჯერ გადახდის ვადა გასული არ იყო. შეიძლება ისიც იყო მიზეზი, რომ აქციაზე ხალხი არ წამეყვანა. 9 მაისს „ქართულ პარტიას" მოვემსახურე, აქციაზე ხალხი გადავიყვანე და ეტყობა ხელისუფლებაში არ მოეწონათ", - განუცხადა ცენტრს მძროლმა ილარიონ ვარდოსანიძე.
ავტომანქანა ჩამოართვეს „სახალხო კრების" ერთ - ერთ წევრს გიორგი პაატაშვილსაც.
„რამდენიმე დღის წინ, მანქანაში ბუნებრივი აირის ბალონის უნებართვოდ დამონტაჟების მიზეზით 100 ლარიანი ჯარიმა დამიწერეს, მაგრამ არ გავუფრთხილებივარ, რომ შემდეგ ჯერზე მანქანას ჩამომართმევდნენ. ორი დღის წინ, „სახალხო კრების" თელავის ოფისის წინ ვიყავი გაჩერებული. მოვიდნენ და კიდევ 100 ლარით დამაჯარიმეს. მანქანა იმიტომ ჩამომართვეს, რომ 21 მაისს დაგეგმილ აქციაზე არ წავიდე", - აღნიშნა გიორგი პაატაშვილმა.
თელავში ავტომანქანები ჩამოართვეს „ქართული პარტიის" თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელს სოსო აბულაძეს და ამავე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორსაც.
მანქანების ჩამორთმევის ფაქტებზე შს საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.
დაზუსტებული ინფორმაციით, გუშინ, 3-4 საათის განმავლობაში რამდენიმე ჩამორთმეული ავტომანქანა თელავის პოლიციის უფროსის შოთა ბეჟანიშვილის მშობლების სახლის ეზოში იყო გაჩერებული. ადგილზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტის მისვლამდე მანქანები გაიყვანეს.