წლის ბოლომდე საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში 50 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი იგეგმება. პროდუქტს სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უკრაინასა და მოლდოვაში გაიტანენ.
დღეს ბათუმში სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი ჩავიდა. კვეზერელმა ის ვაგონები დაათვალიერა, რითაც მანდარინის ექსპორტი ხორციელდება.
"პირველ ეტაპზე დაგეგმილია 32 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში, იმედი გვაქვს, რომ ამ წლის ბოლომდე ჩვენი ძალისხმევით მოხერხდება 50 ათასი ტონის გადაზიდვა სხვადასხვა მიმართულებით, რაც საკმაოდ დიდ შემოსავალს მოუტანს მოსახლეობას", _ განაცხადა კვეზერელმა.