ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მონტერეგროსა და ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას გამარტივებული სავიზო რეჟიმით შეძლებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში, რომელიც პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მონტერეგროს და ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეებს.
როგორც ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, აღნიშნული გადაწვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ალბანეთის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო და სერბეთის რესპუბლიკა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სიაში არიან, ალბანეთის რესპუბლიკა ნატოს წევრი ქვეყანაა, ხოლო ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს და სერბეთის რესპუბლიკას მიღებული აქვთ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).
დღემდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინისა და მონტენეგროს ერაყის რესპუბლიკის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმი მოქმედებს, რაც, მთავრობის აზრით, მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოში აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების თავისუფალ შემოსვლას - ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ჩამოყალიბების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშემწყობ ფაქტორს.