"სახალხო კრების" წარმომადგენელთა მტკიცებით, ხაშურის წინააღმდეგობის კომიტეტის ოფისი ძალოვნების მიერ ალყაშია მოქციული.
"კომიტეტის ოფისთან, რომელიც ჟორდანიას #3-ში მდებარეობს, საპატრულო პოლიციის და უშიშროების მანქანები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს "პიკაპის" ტიპის ავტომანქანებია მობილიზებული. ძალოვნები კომიტეტის წევრებს შენობიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ", - ნათქვამია კრების განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, გუშინ ხაშურის წინააღმდეგობის კომიტეტის წევრთა რამდენიმე ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაემუქრნენ და განუმარტეს, რომ 21 მაისს აქციაზე მისვლის შემთხვევაში, მათ და მათი ახლობლების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა.
"აღნიშნული დანაშაულებრივი მოქმედებებით სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, რაც თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაში გამოიხატება. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ხელისუფლების პანიკურ შიშს 21 მაისისადმი. ხელისუფლება ცდილობს საკუთარი ხალხი დააშინოს, რაც მოსახლეობაში საპროტესტო მუხტს კიდევ უფრო ზრდის", - აღნიშნულია "სახალხო კრების" განცხადებაში.