"თავისუფლების ქარტიით" კომუნისტური ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს განადგურება არ ემუქრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფლების ქარტიის" ავტორმა, დეპუტატმა გია თორთლაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სპეციალური კომისია, რომელიც შსს-ს ბაზაზე შეიქმნება საბჭოთა სიმბოლიკის საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტებს მოიწვევს, რომლებიც შეისწავლიან რა არის ხელოვნების ნიშნული და როგორ უნდა მოხდეს მათი მოხსნა.
"იმ შემთხვევაში თუ ექსპერტები იტყვიან, რომ კონკრეტული სიმბოლიკა, თუ ძეგლი არის ხელოვნების ნიმუში მას მოხსნიან და ოკუპაციის მუზეუმში გადაიტანე, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც ხელსაც ვერ მოკიდებს მას და როგორც ხელოვნების ნიმუში დარჩება. ამიტომ ეს უნდა დაადგინოს არა იურისტებმა და დეპუტატებმა, არამედ კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები", - აღნიშნა თორთლაძემ და აქვე დასძინა, რომ ამის გათვალისწინებით ხელოვნების ნიმუშებს განადგურება არ ემუქრება.
მისივე თქმით, პირიქით, კომისიის შექმნა ხელს შეუწყობს ხელოვნების ნიმუშების განადგურებისგან დაცვას.
როგორც ცნობილია კანონპროექტის თანახმად, კომისია დადგენილი წესით აგროვებს ინფორმაციას საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების და მოედნების დასახელებების თუ სხვა საჯარო თავშეყრის ადგილების შესახებ, რომლებიც მოიცავენ საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის და პროპაგანდის ელემენტებს თუ მათი იდეოლოგიის ლიდერთა სახელწოდებებს.
საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, სახელწოდებების, წარწერების აღმოფხვრის მიზნით, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ღია ან დახურულ სხდომაზე, რომელსაც შემდგომი აღსრულების კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით უგზავნის უფლებამოსილ ორგანოს.