კადაფის ქალიშვილისა და მეუღლის ტუნისში გაქცევის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა. ამ ინფორმაციას Agence France-Presse-ი ავრცელებს.
"კადაფის რეჟიმზე ზეწოლა ისე გაიზარდა, რომ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მისი ქალიშვილი და მეუღლე ტუნისში გაიქცნენ", _აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურმა დაამატა, რომ ნავთობმრეწველობის მინისტრიც ჩაბარდა. თუმცა ჰილარი კლინტონმა კადაფისა და ნავთობმრეწველობის მინისტრის ადგილსამყოფელი არ დააკონკრეტა.
ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ კადაფის მეუღლე საფია და მისი ქალიშვილი აიშა ტუნისის ტერიტორიაზე გადავიდნენ, 18 მაისს ტუნისის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, ლიბიის ლიდერის ოჯახის წევრები ტუნისში სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობასთან ერთად, 14 მაისს ჩავიდნენ და ამჯერად კუნძულ ჯერბაზე დევნილთათვის განკუთვნილ ცენტრში იმყოფებიან.
ამის მიუხედავად, ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კადაფის ცოლ-შვილის გაქცევის შესახებ ინფორმაცია უარყო.