აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის ბიჭვინთისა და სოხუმის ე.წ. ეპარქიის ე.წ. მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ აპლია სასულიერო პირებს დოროფეი დბარს, ანდრეი ამპარს და დავიდ სარსანიას აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის გახლეჩვაში, კარიერიზმში, პატივმოყვარეობაში და საეკლესიო კანონების დარღვევაში ადანაშაულებს.
საზოგადობაში აფხაზი სასულიერო პირების ახალგაზრდა ფრთის მიმართ მეტი აგრესიის გასაჩენად იგი აცხადებს, რომ სასულიერო პირი დავიდ სარსანია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირია და მისი ქმედებები აფხაზეთის ეკლესიისათვის საშიშია.
ყოველივე ეს აპლიამ სოხუმში, თავისი ინიციატივით მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დოროფეი საერთოდ არ არის აფხაზეთის ეკლესიის სასულიერო პირი, როდესაც ჩვენ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ იგი აქ საერთოდ არ იყო. დავიდ სარსანია კი საერთოდ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქართული ეკლესიის სასულიერო პირია. ბერძნები არ აპირებენ აფხაზეთის აღიარებას ისევე როგორც ამას საქართველო არ აპირებს. ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველი ეს მტრულია ჩვენი სახელმწიფოს მიმართ", _ განაცხადა აპლიამ.
მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს.
"ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებულ იქნება. მოსკოვის პატრიარქს ჩვენთან ურთიერთობა აქვს. იგი სულიერად გვკვებავს ჩვენ და ყველაფერს აკეთებს ეკლესიისათვის, ღირსეულების ხელდასხმასაც კი ახორციელებს", _ აცხადებს აპლია და აღნიშნავს, რომ ყველაფერი რასაც ეს სამი სასულიერო პირი აკეთებს მათ "ვაი ჭკუისაგან" მოსდით.
"ყველაფერი რასაც ისინი აკეთებენ "ვაი ჭკუისაგან" მოსდით, ეს კი მართლმადიდებლურ და ბერულ სწავლებაში საშიშია. გუშინ მე მივიღე ზეპირი კურთხევა მოსკოვის პატრიარქისგან. ახლანდელ სიტუაციაში ჩვენს არქიიეროდიაკვნად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ითვლება. როდესაც ჩვენ არ გვყავს ეპისკოპოსი მე ხომ უნდა ვეურთიერთობო რომელიმე ეპისკოპოსს. ქართველთან კონტაქტი მე არ შემიძლია, განსვენებულ ალექსისთან მქონდა კონტაქტი და მაქვს კირილთანაც", _ განაცხადა აპლიამ.