საქართველოსა და სომხეთს შორის ჯავახეთში საკონსულოს გახსნის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. ეს განცხადება სოხმეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი მანასარიანმა გააკეთა.
"საკონსულოს გახსნა ნებისმიერ უცხო ქვეყანაში მოლაპარაკებებითაა განპირობებული. პროცესი გრძელდება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ ჯერობით მიღებული არ არის", _ განაცხადა მან პარლამენტში 2010 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას.
ამასთან ერთად მანასარიანმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი დავიწყებული არ არის და დღემდე აქტუალური რჩება.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ეს საკითხი აზერბაიჯანმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს, უპირველეს ყოვლისა იმ მიზეზის გამო, რომ საქართველოში ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობა და იმ შემთხვევაში თუკი ერევანსა და თბილისს შორის მიღწეული იქნება შეთანხმება ჯავახეთში საკონსულოს გახსნის შესახებ,მაშინ შესაძლოა ოფიციალურმა ბაქომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იგივე ნაბიჯის გადადგმა მოითხოვოს.
რაც არ უნდა იყოს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გათვალისწინებით, ალბათ ოფიციალური თბილისი უარს არ იტყვის ბაქოს სურვილზე ბორჩალოში წარმომადგენლობის გახსნაზე. ყოველ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება უარის თქმისათვის სერიოზულ არგუმენტს ვერ მოიყვანს.