საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჩხერის რაიონში მომხდარ ინციდენტს "ბარბაროსობად" აფასებს. "ნუთუ ამხელა, დიდი სახელმწიფოს სიძლიერე უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ მეზობელი, ბევრად უფრო მომცრო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტყეში ჯონჯოლის საკრეფად გასულ ბავშვებზე გამოაცხადო "ბუკვალური ნადირობა". რა ჰქვია იმ ფენომენს, რომელიც ტყეში უსაფრდება იქ მოსიარულე ბავშვს იმისთვის, რომ ფიზიკურად გაანადგუროს? მგონი ყველამ იცის რაც ჰქვია და სამწუხაროდ, ესენი წარმოადგენენ ამხელა სახელმწიფოს რესპექტაბელურობაზე პრეტენზიის მქონე შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებს, რომლებსაც რა თქმა უნდა, იქ არაფერი ესაქმებათ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ "ბარბაროსულ" ფაქტს ევროპელი მონიტორები სათანადოდ გამოიძიებენ.
შეგახსენებთ, რომ საჩხერის რაიონში გუშინ რუსმა ოკუპანტებმა ქართველებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მამაკაცი დაიჭრა.