უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც ყველა ფორუმზე მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ამ ვიზიტით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიური და კიდევ უფრო მეგობრული გახდება", - აღნიშნა ბაქრაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს - თუ რა კუთხით შეიძლება საქართველომ უნგრეთის გამოცდილება გაიზიაროს, როგორც შიდა რეფორმებს, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარლამენტებს შორის ურთიერთობის საკითხებში.
"შევთანხმდით, რომ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა იქნება უფრო აქტიური და ეს ვიზიტი იქნება დასაწყისი ბევრად უფრო ინტენსიური ურთიერთობისა, რომელსაც მოჰყვება კონტაქტები, როგორც თავმჯდომარეების, ასევე კომიტეტების და მეგობარი ჯგუფების დონეზე", - აღნიშნა ბაქრაძემ.