შალვა ხაჭაპურიძე საფრანგეთის ელჩ ერიკ ფურნიესგან სოლიდარობას მოიელის
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის წინ მოშიმშილე ადვოკატები საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ მოინახულოს.
როგორც ხაჭაპურიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, იგი დღეს ესაუბრა საფრანგეთის ელჩს.
"ერიკ ფურნიე ერთადერთი ელჩია, რომელიც საქართველოში არსებული უკანონობის წინააღმდეგ ხმას იღებს. მისი საუბრიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, მან მოშიმშილე ადვოკატები 16.00 საათის შემდეგ მოინახულოს და მათ სოლიდარობა გამოუცხადოს",_აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
მანვე მოუწოდა ყველა ელჩს, ადვოკატთა საპროტესტო აქციას გამოეხმაურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ქვეყნის პრეზიდენტებთან ამ ელჩების საკითხს დააყენებს.
"მინდა ვუთხრა ყველა ელჩს, მათ ქვეყანაში ადვოკატები საშიმშილოდ რომ დასხდნენ, ხმას არ ამოიღებდნენ?"_აცხადებს ხაჭაპურიძე.
ამასთან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მხარდაჭერას განსაკუთრებით ისრაელის საელჩოგან ითხოვს, რადგან ადვოკატთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საქართველოში დაკავებული ორი ებრაელი ბიზნესმენის გათავისუფლებაა. ამასთან, ადვოკატები ბადრი პატარკაციშვილის დაღუპვის საეჭვო დეტაოების გამოძიებას ითხოვენ.
"ვფიქრობ, ორ ქვეყანას შორის 27-საუკუნოვანი ძმობა სააკაშვილის გამო არ უნდა დაიღუპოს",_განმარტავს ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, ადვოკატებს უკვე შიმშილობის პრობლემა არ აქვთ, არამედ, სამწუხაროა, რომ დაძინების სასუალებას არ აძლევენ.
"გაზეთებიც კი წაგვართვეს, რომლებსაც ქვაზე დასაფენად ვიყენებდით. ახლა ამ მიზნით კოდექსის წიგნს ვიყენებთ",_აცხადებს ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ უკვე მესამე დღეა, ადვოკატების შიმშილობის აქცია გრძელდება. ადვოკატებმა უკვე ტრანსპარანტებიც მიიტანეს, რომლითაც ქვეყანაში კანონიერების აღდგენას მოითხოვენ.