18 მაისს ოსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს დროში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის რობერტ გაზაევის სიტყვებზე დაყრდონით გაავრცელა.
მანვე განაცხადა, რომ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა მიმართ საგამოძიებო ღონისძიებები უკვე ჩატარდა.
"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისად უახლოესი საათების განმავლობაში ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გავაძევოთ. გადაცემა სოფელ დვანში გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ადგილზე", _ აცხადებს გაზაევი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტ ლოპანში რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დაჭრეს, ოთხი კი დააპატიმრეს. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.